მას შემდეგ, რაც რამშტაინის შეხვედრაზე, მხარეები უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, ბუნდესტაგის შენობასთან გერმანიაში უკრაინელი ახალგაზრდებისა და მათი თანამოაზრეების საპროტესტო დემონსტრაცია საზოგადოება Vitsche-ის ორგანიზებით გაიმართა.
უკრაინელი ახალგაზრდები და მათი თანამოაზრეები გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მოუწოდებენ, რომ „ლეოპარდის“ ტანკები გაათავისუფლონ.
გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადოს „დღისთვის, რომელიც შესაძლოა, დადგეს”.
მისივე თქმით, შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია.
„ერთსულოვანი აზრი არ არის”, - განაცხადა პისტორიუსმა.
მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტიპის ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად.
შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს.
უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას თავისი ტანკები გაუგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.